ბებიას
"ბებიას" არის სოციალური საწარმო, სადაც ბებიები ხელით ქსოვენ 100%-ით ნატურალური ქართული შალის ქუდებს, როგორც უფროსების, ასევე ბავშვებისთვისაც.
“ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. “ბებიას” ისტორია უკავშირდება საწარმოს დამფუძნებლის, გიორგი ნოზაძისა და მისი ბებიის სიყვარულით სავსე ურთიერთობას. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც გიორგიმ ბებიას მოქსოვილი ქუდი დაკარგა. ახალი ქუდის მოქსოვა ბებიამ ვეღარ შეძლო, მალე კი გარდაიცვალა. “მაშინ მივხვდი, რამდენად თბილი იყო ბებიას მოქსოვილი ქუდი და რომ არსებობს ბევრი ბებია, რომელებიც სიამოვნებით მოქსოვდნენ ღუნღულა ქუდებს ახალგაზრდა თაობისთვის, ჩააქსოვდნენ სითბოს და სიყვარულს. სამაგიეროდ მიიღებდნენ არც თუ მცირე შემოსავალს საყვარელი საქმით, სახლიდან გაუსვლელად”.
აქედან დაიბადა ახალი პროდუქტის იდეა, რომელიც ბებიებს შემოსავალს გაუჩენდა, ხოლო ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა, გამთბარიყვნენ ბებიების მზრუნველი ხელებით მოქსოვილი ქუდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაქსოვი, ხარისხიანი ქუდების ქართული ბრენდი ბაზარზე არ არსებობდა, გადაწყდა კომპანიის შექმნა, რომელიც დაასაქმებდა იმ ბებიებს, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ.